გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ აშშ-სთან გამართულ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ კუნძული, რომლის მიღებაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, „არასოდეს გაიყიდება“.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი, რომელიც ტრამპმა გასულ წელს გრენლანდიაზე ამერიკული კონტროლის საკითხის წინ წასაწევად დანიშნა, ნუუკში კვირას ჩავიდა და ორშაბათს პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მუტე ეგედეს შეხვდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი არსებობს და გრენლანდიის მხრიდან კონცენტრირებულები ვართ ისეთი გადაწყვეტის პოვნაზე, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს გრენლანდიისა და გრენლანდიელი ხალხის ანექსიის, ხელში ჩაგდების ან ყიდვის მუქარები“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა ჯეფ ლენდრისთან შეხვედრის შემდეგ.
თავად ლენდრის კომენტარი შეხვედრის შემდეგ არ გაუკეთებია. მან ადგილობრივ მედიასთან კვირას მხოლოდ განაცხადა, რომ გრენლანდიაში „მოსასმენად და სასწავლად“ ჩავიდა.
„მათ შეხვედრა ითხოვეს, ჩვენ კი ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა და პოზიცია, ასევე ჩვენი წითელი ხაზები. ჩვენ გრენლანდიას არ გავყიდით, გრენლანდია სამუდამოდ ჩვენი იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუტე ეგედემ.
დაძაბულობის შემცირების მიზნით, გრენლანდია, დანია და აშშ მიმდინარე წლის დასაწყისში შეთანხმდნენ მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვაზე, თუმცა ამ დრომდე მიმდინარე დიალოგის შედეგები საჯაროდ არ წარმოდგენილა.