„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა “ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივა, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს შეეხება.
დათუნაშვილის თქმით, ეს არის დამატებითი ბერკეტი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ზეწოლისა და დაშინებისთვის გამოიყენებს.
„გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი მამუკა მდინარაძე იყოს აქტუალიზებული რაიმე ფორმით და ჰქონდეს რაღაც საქმე უპორტფელო მინისტრს, მისი თვით აქტუალიზაციის გარდა, [ეს ინიციატივა] არაფრის მომცემი არ არის.
„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად, ამ 14-წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, მაგრამ ხომ ვიცით ყველამ, მიზანი არის ის, რომ ოპონენტებზე ჰქონდეთ დამატებით არადემოკრატიული ბერკეტი ზეწოლისა და დაშინებისთვის.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს, შესაბამისად, ჟანრის კლასიკაა და გაგრძელება ხდება ამ ჟანრის. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის მამუკა მდინარაძეს, არაჩვეულებრივი ყმაწვილია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული.