აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, რათა ირანთან ომის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები განიხილოს, მათ შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლების საკითხი, მას შემდეგ რაც კვირას ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი უკმაყოფილოა ირანის პოზიციით ბირთვულ შეთანხმებაზე და მიიჩნევს, რომ თეირანმა უფრო სერიოზული შეთავაზება უნდა წარადგინოს. მისი თქმით, „დრო იწურება“ და თუ ირანი პირობებს არ შეცვლის, მას „ბევრად უფრო ძლიერად დაარტყამენ“.
Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში იზრდება შეშფოთება რეგიონში შესაძლო ესკალაციის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ადმინისტრაციაში განიხილავენ როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო სცენარებს.
Axios-ის ცნობით, განხილულ ვარიანტებს შორისაა „თავისუფლების პროექტის“ აღდგენა - აშშ-ის სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ასევე განიხილება საჰაერო დარტყმების განახლება იმ სამიზნეებზე, რომლებიც პენტაგონს უკვე იდენტიფიცირებული აქვს, თუმცა ჯერ არ დაუბომბავს.