სტრასბურგში გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტმა მკაცრი რეზოლუცია მიიღო "რუსეთში კანონის უზენაესობის" შესახებ, რომელმაც განხილვისას სახელმწიფო დუმის დეპუტატებში უკმაყოფილება გამოიწვია.
დოკუმენტი 15 თებერვალს ევროპარლამენტში გამართული დებატების შედეგის მიხედვით მიიღეს. რამდენიმე სასამართლო პროცესმა და უკანასკნელი წლების სამართალწარმოებამ ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ფედერაციის სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა", _ ნათქვამია რეზოლუციაში.
ინტერფაქსის ინფორმაციით, ამ დოკუმენტის მიღების აუცილებლობა ევროდეპუტატებმა მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის მეორე საქმესთან დაკავშირებით მკაცრი განაჩენით ახსნეს.
ევროპარლამენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტის დაპირებისამებ, ყველაფერი გააკეთონ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა ქვეყანაში სასამართლო სისტემის სამართლიანობასა და ტრანსპარენტულობას მიაღწიონ. ხოდორკოვსკის გარდა, რეზოლუციაში, ასევე, მოიხსენებიან ის ოპოზიციონერი აქტივისტები, ბორის ნემცოვის ჩათვლით, რომლებიც მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე გამართული სანქცირებული მიტინგის შემდეგ 31 დეკემბერს დააკავეს.
ამასთან, ევროდეპუტატებმა რუსეთის ხელისუფლებას შეახსენეს ჩრდილო კავკასიაში ადამიანის უფლების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის შესახებ. ევროპარლამენტმა რუსეთს კვლავ მოუწოდა, იპოვოს და სასამართლოს წინაშე წარადგინოს რუსი ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების მკვლელები. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ნატალია ესტემიროვას, ანდრეი კულაგინის, ზარემ სადულაევას, ალიკ ჯაბრაილოვის, მაკშარიფ აუშევის, სტანისლავ მარკელოვის, ანასტასია ბაბუროვასა და ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ფაქტები.
დოკუმენტში, ასევე, მოთხრობილია Hermitage Capital-ის საინვესტიციო ფონდის იურისტის სერგეი მაგნიტსის საგამოძიებო იზოლატორში დაღუპვის ფაქტი. მაგნიტსკი 2008 წელს გადასახადების დამალვის გამო დააკავეს. 2009 წლის 16 ნოემბერს კი დაიღუპა. მისმა დაღუპვამ საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.
ასამბლეამ რუსეთის ხელისუფლებას "ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროსასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტმა, ასევე, მოუწოდა ევროსაბჭოსა და ევროკომისიას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის რუსეთს დახმარება აღმოუჩინოს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე განიხილეს, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რომელიც 2011 წლის 24 იანვარს თვითმკვლელის მიერ განხორციელდა. ტერაქტს 36 ადამიანი შეეწირა, ხოლო 200 ადამიანი დაიჭრა.
ევროპარლამენტარებმა მიღებული რეზოლუცია რუსეთის ხელისუფლებასა და პარლამენტს გასაცნობად გაუგზავნეს.