მედიის ცნობით, ლიეტუვაში, უტენას რაიონში, სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინას ეკუთვნოდა.
დრონის ნამსხვრევები სოფელ სამანეს მახლობლად, მინდორში აღმოაჩინეს.
კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის განცხადებით, ჩამოვარდნის ადგილზე აფეთქების კვალი არ ფიქსირდება.
„დრონი ნამდვილად ჩამოვარდა, თუმცა აფეთქების ნიშნები არ ჩანს. ჰქონდა თუ არა მას ასაფეთქებელი ნივთიერება, ამ ეტაპზე რთულია თქმა“, - განაცხადა ვიტკაუსკასმა.
მისივე თქმით, უპილოტო აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული სამხედრო დრონია.
ამასთან, ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 17 მაისს ქვეყნის საჰაერო სივრცეში რადარებს უპილოტო აპარატები არ დაუფიქსირებიათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ხელისუფლებამ ასევე აამოქმედა ოპერაცია „ფარი“, რომელიც ფეთქებადსაშიში ან სხვა საეჭვო ობიექტების აღმოჩენისას ცხადდება.