26 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებიდან ერთი წელი შესრულდება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია 2008 წლის 25 აგვისტოს მისცა. იმავე დღეს რუსეთის დუმამ საკითხს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამის ბრძანებას ხელი ერთი დღის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს მოაწერა, რითაც საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების, არ გაეთვალისწინებინა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის დუმის მიერ მიღებული რეკომენდაციები იგნორირება მოახდინა.
რას ნიშნავდა რეალურად რუსეთის აღნიშნული ქმედება და რა შედეგები მოჰყვა მას აქართველოსთვის, მათ შორის, თავად სეპარატისტული რეგიონებისა და განსაკუთრებით მოსკოვისთვის, "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
მამუკა არეშეძე: რუსეთის ეს ქმედება იყო ანექსიის გაგრძელება. მოსკოვმა გადადგა იგივე ნაბიჯი, რაც კოსოვოსთან დაკავშირებით მოხდა. მიმაჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, კოსოვოს დამოუკიდებლად ცნობა იყო ნონსენსი და ამით პრეცენდენტის შექმნა არ შეიძლებოდა.
უნდა ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხშირად ამბობდა, რომ ის ადეკვატურ ნაბიჯს პოსტსაბჭოთა სივრცეში გადადგამდა და გადადგა კიდეც. ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე რეაგირება კი არა, უფრო დასავლეთის ქმედებაზე პასუხი იყო, რითაც მოსკოვმა კოჭი გაუგორა სერბეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი მისთვის გინდ ყოფილა გინდ არა.
რუსეთს კოსოვოს აღიარების წინააღმდეგ თავის დროზე უფრო აქტიურად რომ ემოქმედა, უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა კოსოვოს აღიარების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
- როგორ ფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების მიღებამ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოუტანა თავად რუსეთს?
- პლუსად რამდენიმე ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის ის, რომ მოსკოვმა თავისი ძლიერი მუშტი მსოფლიოს დაანახა. აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ანგარიშს ნაკლებად უწევს და რაც მთავარია "გასდის", მიუხედავად იმისა, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა არ აღიარებს. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, გრძელვადიან პერსპექტივაში "არ გაუვაო", მაგრამ ეს მარჩიელობის სფეროა და არავინ იცის საბოლოო ჯამში რა მოხდება.
მეორე პლუსად, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით მიიღო, შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მან კავკასიის ხალხს დაანახა, რომ დაუმორჩილებლობისა და ინდივიდუალურობის გამოვლინების შემთხვევაში, დაისჯება ყველა, როგორც ეს თავის დროზე ჩეჩნეთის შემთხვევაში მოხდა.
- რაც შეეხება მინუსებს?
- მინუსი არის ის, რომ რუსეთი არასანდო მოთამაშე გახდა. საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის გამო საკმაოდ სერიოზული უთანხმოება მოხდა დსთ-ის სივრცეში, განსაკუთრებით რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩარჩოში, რადგან ორგანიზაციის წევრებმა, განსაკუთრებით ბელორუსმა, ყაზახეთმა და სომხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითვლებიან, აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვეს. ეს რუსეთისთვის სერიოზული კრახია.
მეორე უარყოფით ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ რუსეთის ასეთმა ქმედებამ დასავლეთს საშუალება მისცა და ხელი გაუხსნა მოსკოვის მიმართ კულუარული სანქციები შემოეღო.
- ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება?
- ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არსებობს, საკამათო არ არის, მაგრამ კრიზისის ნაწილი ხელოვნურადაა ინსპინირებული. მაგალითად, ნავთობის ფასების თემა რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ ზოგიერთი სხვა ქვეყნის მორჯულებისთვის ხელოვნურადაა შექმილი, ეს ფაქტია. სწორედ აღნიშნულმაც განაპირობა რუსეთის ეკონომიკური კრიზისი.
გარდა ამისა, სხვა შემთხვევაში, დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს რუსეთის შეცდომები, ისე როგორც მოსკოვი იყენებს უკრაინის შეცდომებს და თავისი ამოცანები განახორციელოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ დასავლეთი პასიურია და ისეთი აქტიურობა არ ახასიათებს, შესაბამისი ქმედებები თანმიმდევრულად რომ განახორციელოს.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ იმ პოლიტიკოსთა პოზიცია, რომლებიც ფიქრობდა, რომ რუსეთის მორჯულება მეგობრობით და ახლობლობით შეიძლება, დასავლეთში შესუსტდა. უფრო გაძლიერდა იმ პოლიტიკოსთა პოზიცია, რომლებიც ფიქრობს, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს, თუმცა, არ უნდა განადგურდეს, რადგან დასავლეთს რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება, მაგალითად ჩინეთთან მიმართებაში.
ასე რომ, ვფიქრობ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთმა უფრო მეტი მინუსი დააგროვა, ვიდრე პლიუსი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მდგომარეობა გამოსწორდება.
უნდა გითხრათ, რომ მთელი ეს ამბავი, რაც თავს დაგვატყდა, ზოგიერთი დასავლური ქვეყნის კულუარული პოლიტიკის მიერ იყო ინსპინირებული.
- მოსკოვის მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარებაში დასავლეთის რომელიმე ქვეყანას რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?
- დასავლეთის მხრიდან აღნიშნულის ხელის წაკვრის ფაქტორი არსებობდა, მათ შორის უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რიგი დასავლელი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ ომამდე ცდილობდა, განსაკუთრებით აფხაზეთის ხელისუფლებისთვის დასავლური არჩევანის უკეთესობა დაემტკიცებინა, რის სანაცვლოდაც ისინი სეპარატისტებს ჰპირდებოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის მიზნით ზეწოლას მოახდენდნენ. ზუსტად იმის გამო, რომ რუსეთმა აფხაზეთის ხელისუფლებას მერყევი პოზიცია შეამჩნია აფხაზეთი ჯარით გადაავსო. აფხაზეთის ხელისუფლება ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ დასავლური კურსი რომ აერჩია, დასავლეთი თავის დაპირებას შეასრულებდა, რასაც თან საკმაოდ დიდი ფინანსური ნაკადიც მოჰყვებოდა.
რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას, ახლა ის მართლაც უმძიმესია. ვფიქრობ, ის მინუსები და პლიუსები, რაც რუსეთმა ჩვენი კონფლიქტური რეგიონების აღიარებით მიიღო, საქართველოს მომავალზე ნაკლებად იმოქმედებს სწორედ იმიტომ, რომ საქართველო არა მხოლოდ მოსკოვის მიერ, არამედ დასავლური პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილის მიერაც დაიჩაგრა.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეროვნული, ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული და რეგიონალური პოლიტიკის მცოდნე მთავრობა მოახერხებს მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვას, რაზე საუბარიც, ჯერჯერობით ნაადრევია.
- და ბოლოს, ბატონო მამუკა, თქვენ მიერ დასახელებული მინუსების მიუხედავად 26 აგვისტოს, როგორც დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღნიშვნას, სეპარატისტებთან ერთად რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც აპირებენ.
_ ლუჟკოვს რუსეთი თავისი იმპერიული პოზიციების დასაფიქსირებლად იყენებს. გაიხსენეთ ყირიმის მოვლენები. ლუჟკოვი წარმავალი ფიგურაა, რომელსაც კრემლი როგორც და რანაირადაც უნდა ისე იყენებს.
სხვათა შორის, ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობის პირველივე დღეს სწორედ ლუჟკოვმა გაახმოვანა იდეა, რომ თამარაშენის ტერიტორიაზე აშენებულიყო დასახლება, რომელსაც "მოსკოვი" დაერქმეოდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სინდისმა შეაწუხათ, რომ "მასკოვსკი რაიონი" მაინცდამაინც ქართველების სახლების ნანგრევებზე არ განთავსებულუყო და ცოტა გვერდზე ჩააჩოჩეს, მაგრამ თამარაშენის ტერიტორიის ნაწილი ამ დასახლებამ მაინც მოიცვა. ჩემი ინფორმაციით, ამ დასახლებაში იმ სამხედროების ოჯახები უნდა დასახლდნენ, რომელთა იქ ჩამოსახლებაც იგეგმება.
სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ის პიროვნებაც, ვინც ეს დასახლება დააპროექტა. ამ მშენებლობის არქიტექტორია ვალერი კალოევი - ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობის მინისტრის მოადგილე. პიროვნება, რომელმაც შვეიცარელი დისპეჩერი დანით მოკლა იმის გამო, რომ ვლადიკავკაზიდან ევროპის მიმართულებით მოძრავმა თვითმფრინავმა, რომელსაც დასასვენებლად ბავშვები გადაჰყავდა ავიაკატასტროფა განიცადა. როგორც დადგინა, კატასტროფა სწორედ დისპეჩერის შეცდომის გამო მოხდა. კალოევი შვეიცარიაში ჩავიდა და დისპეჩერი მოკლა, რის გამოც ის ციხეში 5 წელი იჯდა.
ესაუბრა ლელა ბაღდავაძე