ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას გავრცელება „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციად“ გამოაცხადა, რომელიც მეზობელი ქვეყნებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჯანმო-ს განცხადებით, ბუნდიბუგიოს შტამით გამოწვეული აფეთქება პანდემიის დონის საგანგებო სიტუაციის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, თუმცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მოსაზღვრე ქვეყნები ვირუსის შემდგომი გავრცელების მაღალი რისკის წინაშე დგანან.
გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, შაბათის მონაცემებით, კონგოს იტურის პროვინციის სულ მცირე სამ სამედიცინო ზონაში - ბუნიაში, რუამპარასა და მონგბვალუში დაფიქსირდა საეჭვო გარდაცვალების 80 შემთხვევა, ლაბორატორიულად დადასტურებული რვა შემთხვევა და 246 საეჭვო ინფიცირება.
ამასთან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში ებოლას ახალი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში დაფიქსირებული ებოლას ეს უკვე მე-17 აფეთქებაა მას შემდეგ, რაც ვირუსი პირველად 1976 წელს სწორედ კონგოში აღმოაჩინეს.
„სინამდვილეში, აფეთქება შესაძლოა გაცილებით მასშტაბური იყოს, თუ გავითვალისწინებთ პირველ ნიმუშებში დადებითი პასუხების მაღალ მაჩვენებელსა და საეჭვო შემთხვევების რაოდენობის ზრდას“, - აცხადებენ ჯანმო-ში.
ორგანიზაციის განმარტებით, ვითარება „საგანგაშოა“, რადგან ებოლა-ზაირის შტამთან შედარებით, ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ ამ დროისთვის არც დამტკიცებული მკურნალობის მეთოდი და არც სპეციალური ვაქცინა არსებობს.
ჯანმო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ კონგოში ებოლას წინა აფეთქებების თითქმის ყველა შემთხვევა ზაირის შტამით იყო გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება სხვა ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს, რადგან უკვე დაფიქსირებულია ვირუსის საერთაშორისო გავრცელების რამდენიმე შემთხვევა.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნებმა უნდა გაააქტიურონ საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული მექანიზმები, გააძლიერონ საზღვრისპირა სკრინინგი და ასევე კონტროლი ქვეყნის შიგნით არსებულ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებზე.
ჯანმოს ცნობით, უგანდის დედაქალაქ კამპალაში დაფიქსირდა დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული ორი ერთმანეთთან დაუკავშირებელი შემთხვევა, მათ შორის ერთი — ლეტალური შედეგით. ორივე ინფიცირებული პირი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან იყო ჩასული.