საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც, წინა წლების მსგავსად, ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წაქეზების, დისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება. ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში.
„კვლავ ძალაშია 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს მრავალ ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეებში, კრძალავს ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვას, რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას. ეს კანონები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთანაც, რის გამოც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა.
"ქართული ოცნება" კანონებს ოჯახების და ბავშვების უფლებების დაცვის მოტივით ხსნის. სინამდვილეში, ეს კანონმდებლობა აზიანებს, მათ შორის ბავშვებსაც, რომელთაც ბულინგის, სიძულვილის, ძალადობის მიმართ უფრო დაუცველსა და მოწყვლადს ტოვებს. ბავშვებზე მათი მავნე გავლენის დადასტურებაა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის 2024 წლის დასკვნითი შეფასებებიც, რომელმაც საქართველოს მოუწოდა, უარი ეთქვა მაშინ ინიციირებულ ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ საკონსტიტუციო კანონის პროექტზე, რომელიც შინაარსობრივად მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში მიღებული კანონის იდენტური იყო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე, განცხადებაში საია უთითებს, რომ ანტიგენდერული რიტორიკა, რომლის შედეგიც არის კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ გაქრობა, ასევე უარყოფითად მოქმედებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, იწვევს ისეთი გენდერული როლების დამკვიდრებას, რომლებიც ძალადობის მიმღებლობას ზრდის, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.
„შემთხვევითი არ არის, რომ ლგბტქი თემზე გაძლიერებული თავდასხმა სწორედ ავტორიტარიზმისკენ სწრაფ შემობრუნებას და სხვა რეპრესიული კანონების აგრესიულ მიღებას დაემთხვა. გარდა იმისა, რომ ჰომოფობიის და ტრანსფობიის გაძლიერება ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებების სამართალს და საფრთხეში აყენებს ლგბტქი ადამიანებს, იგი ასევე წარმოადგენს სხვა მძიმე უფლებადარღვევების გამო ქართული ოცნების კრიტიკისაგან ყურადღების გადატანის იარაღს, ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და შედეგად თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ გამოხატვისა, უფრო დაუცველს ტოვებს რეჟიმის წინაშე”, - წერია განცხადებაში.