იტალიის ქალაქ მოდენას ცენტრში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. პოლიციამ მძღოლი დააკავა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, დანა ჰქონდა.
ქალაქის მერის, მასიმო მეცეტის განცხადებით, მძღოლი ავტომობილით ჯერ ველოსიპედისტს დაეჯახა, შემდეგ კი ქალს, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო, მას ორივე ფეხი დაუზიანდა.
შემდეგ მანქანა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევარდა.
მეცეტის თქმით, დაშავებულთაგან ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
„როგორც ჩანს, მძღოლი განზრახ ავიდა ტროტუარზე, რამდენიმე ადამიანს დაეჯახა და შემდეგ მაღაზიის ვიტრინას შეასკდა. ამის შემდეგ ის მანქანიდან გადავიდა, ხელში დანა ეჭირა,“ - განაცხადა მერმა Reuters-თან.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა გამვლელმა, რომელმაც მძღოლის შეჩერება სცადა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
თვითმხილველების განცხადებით, ამის შემდეგ მძღოლმა გაქცევა სცადა, თუმცა გამვლელებმა შეაჩერეს, განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს. მოდენას მერმა მოქალაქეებს „გამოჩენილი სიმამაცისთვის“ მადლობა გადაუხადა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია ხელისუფლებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.