უკრაინის თავდაცვის ძალებმა 16 მაისის ღამეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არმიის მართვის პუნქტებს, სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ მოექცა რუსული ძალების მართვის პუნქტი დონეცკის ოლქის პოკროვსკის მიმართულებაზე, ასევე მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრი გრაფსკოეში.
უკრაინულმა ძალებმა ასევე დააზიანეს სამხედრო ტექნიკის ანგარი სელიდოვეში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობი ლუჰანსკის ოლქის ბარანიკოვკაში და რუსული ძალების სარემონტო ქვედანაყოფი ხერსონის ოლქის პრივილეში.
გარდა ამისა, იერიშები განხორციელდა რუსი სამხედროების თავმოყრის ადგილებზე შახტარსკში, მიხაილოვკაში, იალტაში, სელიდოვეში, ლუბიმოვკასა და სხვა დასახლებებში.
უკრაინის გენშტაბმა ასევე დააზუსტა 15 მაისს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმის შედეგები. მათი ინფორმაციით, დაზიანებულია AVT-3, AVT-4 და AT-6 ტიპის გადამამუშავებელი დანადგარები, ასევე დიზელის საწვავის ჰიდროგაწმენდის სისტემა.
მანამდე უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, უპილოტო სისტემების ძალებთან და თავდაცვის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.