უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 14 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა კიევში საცხოვრებელ სახლზე დარტყმა Х-101 ტიპის რაკეტით განახორციელეს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალშია წარმოებული.
„ჩვენ დეტალურად ვადგენთ, კონკრეტულად რა ტიპის იარაღი, რა რაკეტები და დრონები გამოიყენეს ამჯერად რუსებმა. კიევში საცხოვრებელ სახლს, წინასწარი ინფორმაციით, Х-101 ტიპის რაკეტა მოხვდა.
მისი წარმოების თარიღი მიმდინარე წლის მეორე კვარტალია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ახერხებს რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების, რესურსებისა და აღჭურვილობის სანქციების გვერდის ავლით მიღებას. სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი ყველა პარტნიორის რეალური მიზანი - რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის სქემების შეჩერება.
ჩვენ ვამზადებთ ზომებს, რომლებიც ჩვენს ერთობლივ წინააღმდეგობას გააძლიერებს - სანქციები რუსეთისთვის უფრო მტკივნეული უნდა გახდეს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, პრაქტიკულად უწყვეტი საჰაერო შეტევების დროს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 500-ზე მეტი დრონი და 56 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.
დარტყმები დაფიქსირდა ფაქტობრივად, უკრაინის უმეტეს რეგიონში - ივანო-ფრანკოვსკში, როვნოში, ვოლინის რეგიონში, ოდესის, პოლტავისა და სუმის ოლქებში.
„დღეს შტაბის სხდომაზე სამხედროებთან, თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ამ ორდღიან თავდასხმაზე რეაგირება განვიხილეთ. პირველ რიგში, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა და, შესაბამისად, ჩამოგდების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება დრონებს - ეს მაჩვენებელი 93%-ს აღწევს. რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო მაღალი შედეგი და დღეს განვიხილეთ, რა ნაბიჯებმა შეიძლება შეუწყოს ამას ხელი რეგიონებში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტებისგან დაცვა გაცილებით რთულია, ხოლო ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ყოველდღიურ პრიორიტეტად რჩება.
„PURL-ის პროგრამა სწორედ ახლა, გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე, ახალ ნაბიჯებს მოითხოვს. მადლობელი ვარ ევროპაში ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებმაც ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნა დაიწყეს. ეს მართლაც ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილებაა, რომ ევროპას ჰქონდეს საკმარისი საკუთარი წარმოება როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემების, ისე მათთვის საჭირო რაკეტების, განსაკუთრებით ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ.
ევროპას უკვე აქვს სხვა გამოწვევებთან გამკლავების პოტენციალი და ის ფართოვდება, თუმცა სარაკეტო თავდაცვის მიმართულებით ბევრად მეტი თანამშრომლობა და ჩვენი შეთანხმებების განხორციელების უფრო მაღალი ტემპია საჭირო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
14 მაისის ღამეს კიევზე განხორციელებული რუსული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. კიდევ 46 ადამიანი დაშავდა, მათგან 20 საავადმყოფოში რჩება.