15 მაისი კიევში რუსული მასშტაბური იერიშის დროს დაღუპულთ ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დროისთვის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანია დაიღუპული. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკო განაცხადა.
მისი თქმით, გლოვის დღეს უკრაინის დედაქალაქში ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. შესაბამისი რეკომენდაცია გაეცა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებსაც.
ამასთან, 15 მაისს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდება.
კლიჩკოს განცხადებით, დარნიცის რაიონში დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება. მაშველები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.
რუსეთმა კიევზე კომბინირებული იერიში 14 მაისის ღამეს მიიტანა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბავშვი, ხოლო დაშავებულია 44 პირი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიდევ 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.