ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დაწყების შემდეგ მომხდარი ნგრევების ზარალის ასანაზღაურებლად ბოდიშის მოხდასა და მილიარდ ამერიკულ დოლარს მოითხოვს.
როგორც ქალაქის მთავრობა აცხადებს, ამერიკის არმიის მიერ ბაღდადის ესთეტიკა და ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა.
"აშშ-ის სამხედროებმა ულამაზესი ბაღდადი უსახურ და დესტრუქციულ ქალაქად აქციეს. მათი სამხედრო მოქმედებების გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა ბაღდადის ინფრასტრუქტურა. მისი აღდგენისთვის საჭირო თანხები ბაღდადის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, ამიტომ მოვითხოვთ, ამერიკამ ბოდიში მოიხადოს და ზარალის ასანაზღაურებლად მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყოს", - ნათქვამია ბაღდადის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცხოური მედიასაშუალებები აქვეყნებენ.
სამხედრო მოქმედებების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემა, რამაც დააბინძურა სასმელი წყალი.
ამ ეტაპისთვის ერაყში დაახლოებით 50 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე რჩება. ბაღდადის ხემძღვანელობა აცხადებს, რომ სერიოზულ მუშაობას იწყებს, რომ აშშ-მ ზარალი აუნაზღაუროს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა გზით.