რუსეთის მიერ დნიპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული იერიშების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, კიდევ თერთმეტი დაშავდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ განჯა ავრცელებს.
საღამოს 20:00 საათის შემდეგ ოლქის ხელმძღვანელობამ რეგიონზე მტრის შეტევების შესახებ განაცხადა.
კრივი რიჰში ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი დაშავდა. დაჭრილთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 50 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.
სინელნიკოვოს რაიონის დუბოვიკოვის თემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაშავდა, ხოლო მიკოლაევის თემში ორი ადამიანი ემსხვერპლა იერიშს.
„ნიკოპოლის რაიონში დაზიანდა ნიკოპოლი, მარგანეცის, მიროვის, პოკროვსკისა და კრასნოჰრიგორიევის თემები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი. 16 წლის ბიჭი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთი 16 წლის მოზარდი და 21 წლის ახალგაზრდა ამბულატორიულ მკურნალობას გადიან“, განაცხადა განჯამ.
საერთო ჯამში, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ოლქის სამ რაიონს თითქმის 30-ჯერ შეუტიეს.