ისრაელში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს მანამდე, ვიდრე გადაწყდება ის ძირითადი საკითხები, რომლებმაც თავდაპირველად ორი ქვეყანა დაპირისპირებამდე მიიყვანა.
ამის შესახებ CNN რამდენიმე ისრაელურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეთანხმება, რომელიც თეირანს ბირთვული პროგრამის ნაწილობრივ შენარჩუნების საშუალებას მისცემს, გვერდს აუვლის ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონული პროქსი-ძალების მხარდაჭერის საკითხებს, რის გამოც ისრაელში მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი რეალურად დასრულებული არ იქნება.
„მთავარი შეშფოთება ის არის, რომ ტრამპი მოლაპარაკებებით დაიღლება და საბოლოოდ ნებისმიერ შეთანხმებას დათანხმდება, თუნდაც ბოლო მომენტში მნიშვნელოვანი დათმობების ფასად“, - განაცხადა ერთ-ერთმა ისრაელურმა წყარომ.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისრაელი ირანის გამდიდრებული ურანის მარაგების საკითხის შესაძლო მოგვარებასთან დაკავშირებით დაარწმუნეს, წყაროს თქმით, მოლაპარაკებებიდან ბალისტიკური რაკეტებისა და ირანის პროქსი-ქსელის საკითხების გამორიცხვა „სერიოზულ პრობლემად“ რჩება.
ოფიციალური პირების შეფასებით, ნაწილობრივმა შეთანხმებამ, რომელიც ირანის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს არ შეზღუდავს და ამავე დროს ქვეყანაზე ეკონომიკურ ზეწოლას შეამსუბუქებს, შესაძლოა რეჟიმის სტაბილიზაციას და დამატებითი ფინანსური რესურსების მიღებას შეუწყოს ხელი.