აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან დონბასის საკითხზე რაიმე შეთანხმება არ არსებობს და გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დარეგულირებისკენ მიდის.
თეთრ სახლში ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, არსებობს თუ არა მასსა და პუტინს შორის შეთანხმება იმის შესახებ, რომ რუსეთმა მთელი დონბასი უნდა მიიღოს, რაზეც მან უარყოფითად უპასუხა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა წელს რუსეთში ვიზიტს, ტრამპმა განაცხადა: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება“.
„ეს ომი... მე რვა ომი მოვაგვარე. ეს ომიც დასასრულისკენ მიდის. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ის დასასრულს უახლოვდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მიღწეული იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.