ის, რომ უკრაინა დათანხმდა, დროებით არ მიეტანა იერიშები რუსეთზე, რათა ვლადიმირ პუტინს 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონოდა, მიუთითებს იმაზე, რომ ახლა უკრაინას საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობების კარნახის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.
გამოცემის შეფასებით, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების კამპანია თავდაპირველად დიდწილად აშშ-ის დახმარებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა გასულ გაზაფხულზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის მხარდაჭერა მკვეთრად შეამცირა, ხოლო ის იარაღი, რომელიც რუსეთს ყველაზე დიდ ზიანს აყენებს, ახლა უკვე უკრაინაში იწარმოება.
ასევე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხად, რომ სადაზვერვო ინფორმაციის დაახლოებით ორი მესამედი, რომელსაც უკრაინა იღებს, პარიზიდან მოდის. ეს, გამოცემის მიხედვით, ასახავს იმას, თუ როგორ მცირდება აშშ-ის როლი უკრაინაში ომის დასრულების პროცესში.
გამოცემის შეფასებით, პუტინის ომი საბოლოოდ მისივე წინააღმდეგ შებრუნდა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ცდილობს აშშ ომის დარეგულირებას, უკრაინას კვლავ აქვს შესაძლებლობა, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები და აგრესორს წინააღმდეგობა გაუწიოს.