საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ერთმანეთისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაცვლის შესაძლებლობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილის მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით აღნიშნული შეთანხმების მიღწევა დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე მოხერხდა. ჩიგოევმა აღნიშნა, რომ შეხვედრაში გარდა ქართული და ე.წ. სამხრეთოსური მხარისა რუსული მხარეც მონაწილეობდა.
"დღეს ჩვენ მივაღწიეთ წინასწარ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ მსგავსი ურთიერთგადაცემა შეიძლება განხორციელდეს. წინა შეხვედრებისაგან განსხვავებით, დღეს ჩვენ გაგვიჩნდა იმედი იმისა, რომ ეს საკითხი შესაძლოა უახლოეს მომავალში გადაწყდეს", _ განაცხადა ჩიგოევმა.
მისივე თქმით, შემდეგი შეხვედრა ამავე ფორმატში სადაც მხოლოდ ამ საკითხის განხილვა შედგება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება.
ჩიგოევმა განმარტა, რომ მოქალაქეების ნუსხა, რომლებიც შესაძლოა მალე "სამშობლოში დაბრუნდნენ" თითოეული მხრიდან რვა-რვა ადამიანისაგან შედგება.
"ეს ნუსხა ერთმანეთს დაახლოებით ერთი თვის წინ გადავეცით. ამჟამად ამ ნუსხის ტექნიკური დეტალები დგინდება, თუმცა მთლიანობაში ეს ნუსხები განხილვის საგანია. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ მოქალაქეთაგან რამდენიმესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა", _ განაცხადა ჩიგოევმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ნუსხაში ჩართული არიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დააკავეს.
"ჩვენი მოქალაქეების აგვისტოსწინადროინდელი ნუსხა, სამწუხაროდ, ქართული მხარის მიერ არ განიხილება. ამ ნუსხაში არის ასევე 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული ალან ფლიევის მამა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებებისგან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მას დაეკარგა შვილი, მეუღლე ავადმყოფი ჰყავს და ოჯახში მარჩენალი არ არის, ჩვენ იგი ნუსხაში ჩავრთეთ. იმედი გვაქვს, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება აღნიშნულ საკითხს და ჩვენი მიმართულებით ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს", _ განაცხადა ჩიგოევმა.