უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში, 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში 19 ადამიანი დაიჭრა.
9 მაისს, რუსეთის ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დონეცკის ოლქის ოთხი მცხოვრები დაიჭრა.
ამასთან, ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა ხერსონის ოლქში.
რუსულმა ძალებმა კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურა დაბომბეს, დააზიანეს მრავალსართულიანი შენობა და რვა კერძო სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 10 მაისის ღამეს, რუსეთმა 27 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
სამხედროების ინფორმაციით, 27-ვე დრონი ჩამოაგდეს ან ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გაანეიტრალეს.
დარტყმები დაფიქსირებული არ არის.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში 9, 10 და 11 მაისს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა.