9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი შემცირებული ფორმატით გაიმართა და წინა წლების ანალოგიურ ღონისძიებებთან შედარებით ხანმოკლე იყო - ის მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა.
რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, აღლუმში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეხუთე წელია მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობენ.
მათ შორის იყვნენ უპილოტო სისტემების ჯარების სამხედროებიც, რომლებიც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით დრონებით ესხმიან თავს უკრაინას.
გარდა ამისა, გამარჯვების დღეს წითელ მოედანზე პირველად ჩაიარეს ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრო მოსამსახურეებმა.
აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც გამარჯვების დღე რუსეთისთვის „წმინდა დღედ“ მოიხსენია.
ტრიბუნაზე მის გვერდით იმყოფებოდნენ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა შვილ ნიკოლაისთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომართ ტოყაევი და უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი. ასევე ესწრებოდნენ ლაოსისა და მალაიზიის ლიდერები.
კრემლში აცხადებენ, რომ ისინი მოსკოვში საკუთარი ინიციატივით ჩავიდნენ და წელს უცხოელი ლიდერები აღლუმზე ოფიციალურად არ მიუწვევიათ.
8 მაისს მოსკოვში ჩავიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, თუმცა აღლუმს არ დასწრებია.
გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, აღლუმზე არ იყვნენ რუსეთის მთავრობის წევრები - ღონისძიებას მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრები, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
როგორც გამოცემა „აგენტство“ წერს, პირველად ვლადიმირ პუტინის გვერდით ტრიბუნაზე უკრაინაში ომის მონაწილე ლეონიდ რიჟოვი დასვეს , რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მეთაური იყო.
აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართა.