იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის, რომლებიც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავენ, ღია და კონსტრუქციული დიალოგი გაიმართა.
მელონის თქმით, მოხარულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიღებით.
„გვქონდა ფართო და კონსტრუქციული დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მრავალი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის იტალიასა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მნიშვნელოვანი საერთაშორისო თემებ - ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისი, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლება, ლიბიაში სიტუაციის სტაბილიზაცია, ასევე სამშვიდობო პროცესი ლიბანსა და უკრაინაში“, - განაცხადა მელონიმ.
მისივე თქმით, მოკავშირეებს შორის შედგა გულწრფელი დიალოგი.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა ორივე მხარეს კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის ერთიანობა,“ - თქვა მელონიმ.
ჯორჯია მელონი მარკო რუბიოს იტალიის მთავრობასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე პარასკევს შეხვდა .
რუბიო იტალიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია რომის პაპთან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პონტიფიკის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკა გამოთქვა. ასევე ვაშინგტონის უკმაყოფილების საკითხის განხილვა იმის გამო, რომ იტალიამ უარი თქვა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერაზე.
გასულ თვეში იტალიამ უარი უთხრა ამერიკულ ავიაციას სიცილიაზე მდებარე სიგონელას ავიაბაზის გამოყენებაზე ირანთან დაკავშირებული საბრძოლო ოპერაციებისთვის. იტალიელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონს რომისთვის ბაზის გამოყენებაზე წინასწარი ნებართვა არ უთხოვია.
დონალდ ტრამპმა თავის მხირვ არ გამორიცხა, რომ იტალიაში, შესაძლოა, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა შემცირდეს.