ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა პარასკევს განაცხადა, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ევროკავშირს ამ პროცესის სწრაფად წინ წაწევა სურს.
ამის შესახებ Reuters წერს.
"ზუსტი თარიღი ჯერ არ დაგვიდგენია, თუმცა ცხადია, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ,“ - განაცხადა კალასმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილებამ შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.
„სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე მოლდოვის წინააღმდეგ არავინაა, რადგან არასოდეს იცი, როდის მოვა ხელისუფლებაში ისეთი მთავრობა, რომელსაც, როგორც იცით, შესაძლოა ორმხრივი პრობლემები ჰქონდეს,“ - განაცხადა კალასმა.
კაია კალასის თქმით, მოლდოვამ რეფორმების მიმართულებით პროგრესს მიაღწია. მან ასევე აღნიშნა, რომ სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლება არ იქნება.
მაია სანდუმ დაადასტურა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერას 2028 წლამდე გეგმავს.