ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე იმ ხალხს თუ ვნახავთ, ვინც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენს კითხვაზე, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.
„ერთადერთი, ვისი აზრიც მაინტერესებს, რამდენიმე ელჩია – რას ფიქრობენ, ხელს ართმევენ თუ არა მათ, ვინც 26 მაისს ცდილობს, კიდევ ერთხელ ძალადობა დააანონსოს. ჩვენ ამას მალე ვიხილავთ. ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ იმ ხალხს ვნახავთ, ვინც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენს კითხვაზე, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან. ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, რადგან ჩვეულებრივი გარედან დაკვეთის შემსრულებელი ხალხია. როცა ისინი ხალხთან მიდიან, ხუთი-შვიდი კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან იკრიბებიან ჯგროდ და კარგად დაკომპლექტებული. სწორედ ეს არის მათი დამოკიდებულება – ეახლონ ელჩს, სხვადასხვა დედაქალაქს და იქ დაგეგმონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებები მათი დახმარებით. სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს თანმდევი ისტორია. ასე იყო წარსულშიც, როცა სხვადასხვა დედაქალაქში მიდიოდნენ, რათა იქიდან საქართველოს წინააღმდეგ ჯარი შეეგროვებინათ. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა მოსკოვში მიდიოდნენ, რათა თავისი კონკურენტი მოეცილებინათ თბილისში და თანამდებობები მიეღოთ. ასე ხდება ახლაც, როცა მოსკოვი ბრიუსელით და ზოგიერთი სხვა დედაქალაქით ჩაანაცვლეს. ბრიუსელში მიდიან, რათა კონკურენტები ჩამოიცილონ. ისტორიაში მოღალატეს ყოველთვის მიეზღო თავისი. ქართველი ხალხის მიერ ამ დაჯგუფებასაც ასე აქვს მიზღვეული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.