2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა, პროკურატურა იმ სირთულეებზე საუბრობდა, რომელიც გამოძიებაში იყო. როგორც კი პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარი იყო საკუთარ მტკიცებულებებში, ნაბიჯები გადაიდგა მათ გამოსავლენად, ვინც უფლებამოსილების გადაცილებით მოქმედებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდნის“ განხორციელება. გახსოვთ, საქართველოში ევროკავშირის შვიდი წევრი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები და წევრები ჩამოვიდნენ, ვისგანაც ხელისუფლების წინააღმდეგ პირდაპირ მოწოდებები გვესმოდა. შვედეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ აგრესიულ ოპოზიციას პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა. ჩვენ საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა და მცდელობა ვნახეთ, პარლამენტის გადაწვის, ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის. იცით, რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული, რომ ადამიანებს აზიანებდა, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა და პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა. პოლიციელებს ქვეყნის დაცვა ამ პირობებში უწევდათ. მინდა, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, ვინც იმ დღეებში საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისგან და თავდასხმებისგან იცავდა, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული. რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა უმაღლეს პასუხისმგებლობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში უფლებამოსილების გადამეტება არ მოხდეს. ცალკეული ინციდენტები, რომელიც მაშინ ვიხილეთ, ითქვა კიდევაც, რომ სახელმწიფო ყველა ამ ინციდენტს სათანადოდ მიჰყვება, გამოიკვლევს და გამოავლენს, რაც მოხდა კიდეც. ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა სწორედ ისაა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს. შესაბამისად, ამის შედეგები ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა.