სომხეთის ელჩი რუსეთში, გურგენ არსენიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის გამო.
„დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს განუცხადეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ახლახან გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ტრიბუნის დათმობა კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რათა რუსეთის მისამართით ტერორისტული მუქარები გაეჟღერებინა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არსენიანმა განაცხადა, რომ მიღებული შენიშვნის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ხელმძღვანელობას წარუდგენს. დიპლომატიური წყაროს ცნობით, საუბარი ძალზე მკაცრი იყო.
„ერევანში 9 მაისის წინ მოწყობილი ანტირუსული ღონისძიება და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთის დედაქალაქში გაჟღერებული პირდაპირი ტერორისტული მუქარები, რაც დამსწრეთა ჩუმი თანხმობის ფონზე მოხდა, წინააღმდეგობაში მოდის იმ მოკავშირეობრივ ვალდებულებებთან და მეგობრობის შესახებ განცხადებებთან, რომლებიც მოსკოვში სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთდა“, - რუსული მედიის ცნობით, განაცხადა წყარომ.