უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში კიდევ ერთი მცირე სარაკეტო ხომალდი დააზიანეს, რომელიც „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელია. ინფორმაციას მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, 7 მაისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე მიიტანეს იერიში. მათ შორის, დაღესტანში, კასპიისკის ბაზირების პუნქტის რაიონში, დაზიანდა პროექტ 22800 „კარაკურტის“ მრავალფუნქციური მცირე სარაკეტო ხომალდი, რომელსაც „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გაშვების შესაძლებლობა აქვს.
ამ ეტაპზე მოწინააღმდეგის საბრძოლო ერთეულის დაზიანების მასშტაბი ზუსტდება.
გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა რუსეთის მართვის პუნქტზე ლუჰანსკის ოლქის სოფელ სოსნოვკაში და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე დონეცკის ოლქის იასნოეს რაიონში. ასევე განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი კალმიკოვკაში და ოკუპანტების საწვავ-საპოხი მასალების საწყობი ლუჰანსკის ოლქის სმოლიანინოვოს რაიონში.
გარდა ამისა, უკრაინელებმა იერიშები მიიტანეს მტრის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებზე დონეცკის ოლქის დერსოვოესა და ზაპოროჟიეს ოლქის სმილოეს რაიონებში.
3 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქის პრიმორსკის პორტში პროექტ „კარაკურტის“ მცირე სარაკეტო ხომალდს დაარტყეს. ცნობილია, რომ ამ ტიპის ხომალდები აღჭურვილია რვა „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის გასაშვები დანადგარით. ობიექტზე დარტყმა უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის დაშორებით განხორციელდა.