არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში გავატარე. იქ გაჩნდა ორი საქართველოს განცდა, რომელიც ერთმანეთს დაეჯახა და იცით ყველამ, რამხელა დარტყმა მიიღო ქვეყანამ - ამის შესახებ 4 იქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
ზოდელავამ თქვა, რომ ელოდება სასჯელს, როგორც ადამიანი - "სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან".
„ასეთი ვითარება, ასეთი ბუნებრივი ემოცია იყო შარშან, როცა პროტესტზე გავედით. ამ ბუნებრივ ემოციას არც დაგეგმარება სჭირდებოდა, არც განსაკუთრებული წესრიგის შედგენა.
ახლა ამ გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს ეს. ახლა გადაღლილი ოპოზიციური საზოგადოებაა, სხვა ტალღაზეა, სხვა ვითარებაა, ხან ჰორმუზის სრუტეში ბანაობენ პოლიტიკურად... ეს რეალობიდან პოლიტიკური გაქცევის მცდელობაა, ამის განხილვაში არ შევალ, არ მინდა ისე გაიგონ, რომ ვიღაცას ვკიცხავ.
ჩვენ უხერხული პატიმრები ვართ იმის გათვალისწინებით, რომ იმ საზოგადოებამ საიდანაც ვართ, ერთი ხელით რაღაცნაირად ეს შესაწირი, მსხვერპლი გაიღო ჩვენი სახით, დაახლოებით 70 ადამიანია. ეს გადაღლილი და რეპრესირებული საზოგადოება მაინც და მაინც კომფორტს ვერ განიცდის, ჩვენ დაგვინახოს, ცოტა გულისხმიერიც იყოს.
პირადად მე, რაც შემეხება, რაღაც ადამიანურ ფაქტორებზე დავდექი, როგორც პატიმარი და ველოდები სასჯელს, როგორც ადამიანი, სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან.
მთავარი, არ არსებობს ორი საქართველო, ვინც, როგორ არ უნდა შეფუთოს. ჩემი ბავშვობა, ჩემი სიყმაწვილე გავატარე მშობლიურ სოხუმში, სამწუხაროდ, იქ გაჩნდა ორი საქართველოს განცდა....
ახლა მე ვარ თბილისში, 32 წელი გავიდა, ძალიან არ მინდა და არასდროს ვუსურვებ არც ერთ ქართველს, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ის, იგივე შეგრძნებები გაუჩნდეს....
მარცხის აღიარებაც მოსულა, პროტესტი დამარცხდა, ვთქვათ ეს პირდაპირ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულს არ აქვს ვალდებულება საკუთარი ერის, სახელმწიფოს წინაშე, თავშეკავებული და ზომიერი იყოს, რაღაც დოზით გულისხმიერიც. ეს არის გამარჯვებულის ვალდებულება, ის უნდა აცნობიერებდეს, თორემ ჩვენ პატიმრები ვერაფერს ვწყვეტთ, გარდა იმისა, მივიღებთ საკვებს თუ არა, ერთი საათი გავალთ თუ არა სასეირნოდ...ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებებს საქართველოში“, - განაცხადა ზოდელავამ.