ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ ფორმატში წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას" - წერს პროკურატურა.