საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ხარჯების გადაჭარბების საქმეზე.
როგორც ტელეკომპანია RTL წყაროებზე დაყრდნობით იუწყება , სასამართლომ 71 წლის სარკოზის თხოვნა დააკმაყოფილა და ასაკის გათვალისწინებით სასჯელის პირობები შეუმსუბუქა. გადაწყვეტილება 7 მაისიდან შევიდა ძალაში.
საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო კამპანიისას ნიკოლა სარკოზის შტაბმა 2012 წლის არჩევნების დროს, PR სააგენტო Bygmalion-სგან 18 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, თუმცა აღნიშნული თანხების ოფიციალურ ხარჯებში დაფიქსირება არ მოხდა, რის გამოც სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მოგვიანებით ეს ვადა შემცირდა ექვს თვემდე და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მიუსაჯეს, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით ის ამ ვალდებულებისგანაც გათავისუფლდა.
ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეში. 2021 წლის მარტში ის საფრანგეთის საკასაციო მოსამართლის მოსყიდვაში ცნეს დამნაშავედ, რისთვისაც ერთწლიანი პატიმრობა და დამატებით ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. თუმცა სასჯელის რეალური ვადა შინაპატიმრობითა და ელექტრონული სამაჯურის ტარებით შეეცვალა. 2025 წლის სექტემბერში ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს ლიბიის ყოფილ მმართველ მუამარ კადაფისთან დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომელსაც მისი საარჩევნო კამპანია უნდა დაეფინანსებინა. სასამართლომ ამ საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, სასჯელის მოხდის გადავადების უფლებით. შედეგად, ნიკოლა სარკოზიმ ციხეში 20 დღე გაატარა და სასამართლოს ზედამხედველობით გაათავისუფლეს. ამჟამად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განიხილავს.