ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგავა საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება.
როგავას ინფორმაციით, მას 7 მაისს, თბილისის დროით, 12:00 საათზე გამოკითხავენ.
კომპანიის განცხადებით, როგავა „ფორმულაზე“ გადაცემაში „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე.
გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც.
ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემამ “ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინა 2024 წლის 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა. როგორც „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. „დამრბევთა“ დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.