ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეზე, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართელოს" წევრმა თამაზ დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეალურად მოსახლეობისა და ბიზნესის ხარჯზე ხდება.
"დღეს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ: ქვეყანაში ინფლაციური პროცესები უკონტროლოა. რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდა არ არის უბრალოდ მშრალი ეკონომიკური გადაწყვეტილება – ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეზე.
ზოგადად, მაღალი ინფლაციის დროს ეროვნული ბანკები ზრდიან რეფინანსირების განაკვეთს და ამკაცრებენ მონეტარულ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ უკვე 5 თვეზე მეტია, ხელისუფლების ყველა შტო, ირაკლი კობახიძის თამადობით უარყოფს ინფლაციას საქართველოში, რომ ფსების ზრდა გამოწვეულია ჯადოსნური მოვლენებით და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებით. მხოლოდ დღეს აღმოაჩინეს რომ თურმე ინფლაციაა და თურმე ეროვნულ ბანკს ეხება ეს საკითხი.
მინდა მკაფიოდ განვმარტო, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისთვის:
პირველი – ეს არის „დამატებითი გადასახადი“ ყოველ მეორე ოჯახზე საქართველოში. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ რთულ ვითარებაში გაუიაფოს ცხოვრება თავის მოქალაქეებს, შეღავათი ანახოს, ამის მაგივრად ხელისუფლება უფრო ღრმად ყოფს ხელს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეში.
მეორე - ეს არის ბიზნესის და ეკონომიკური პროცესის დახრჩობა იმიტომ, რომ ერთის მხრივ შენატანი გაეზრდება ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, მაგრამ გაიზრდება აგრეთვე სესხის ღირებულება ბიზნესისთვის რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი არ ჩადებს ფულს მომავალ განვითარებაში და გვექნება სტაგნაცია, რაც ბევრ შემთხვევაში დამატებით ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
მესამე – ეროვნული ბანკი ებრძვის სიმპტომს და არა დაავადებას. ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის, რის გამოცა ინფლაცია ხდება ხოლმე ნორმალურ ვითარებაში, იმ ვითარებაში, რაშიც ჩვენ ვართ, არ არის ასეთი ვითარება. ანუ ჩვენს თანამოქალაქეებს ჭარბი ფული დღეს ხელში არ უჭირავთ და ამიტომ არ არის ინფლაცია გაქცეული. ინფლაცია გაგვირბის იმიტომ, რომ ერთი - აბსოლუტურად ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასი იზრდება, იმიტომ, რომ იმპორტზეა დამოკიდებული, ყველა სახელმწიფო სერვისზე ფასი გაძვირებულია და ჩვენი მოქალაქეები ორჯერ და სამჯერ მეტს იხდიან ნებისმიერ სახელმწიფო სერვისში და კომუნალური გადასახადების ფასი გაზრდილია 1 აპრილიდან მოყოლებული.
შესაბამისად, ეს ყველაფერი, პლიუს ინფლაციური მაჩვენებელი ჯამში ქმნის იმ არასტაბილურ გარემოს, რომლის კონტროლიც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხის გაძვირებით და არა იმ ნაბიჯებით, რომელიც გადასადგმელი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ შეღავათი ამ ურთულეს ვითარებაში - გააუქმოს დროებით საწვავის აქციზი და დაწიოს დღგ-ს გადასახადის სასურსათო პროდუქტებზე. ამის მაგივრად ისევ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ თავისი ჯიბიდან გადაიხადონ ფული ხელისუფლების უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც აღარიბებს ამ ქვეყანას", - განაცხადა დათუნაშვილმა.