დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი. მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიის წევრებთან. საბოლოო ჯამში, იყო პროცესი, სადაც ისინი უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძალებით, დემოკრატიის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს, ვისთან აქვს საქმე“.
„ასევე, ყველა პარტიამ, რომელიც სკამდასკამით არის დაკავებული, უნდა გააცნობიეროს, რომ ვიდრე უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე იქნებიან აწყობილი და სხვების მაამებლობით დაკავებული, საქართველოში წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, „შედგა თუ არა „ოპოზიციის ალიანსის“ ეროვნული მობილიზაცია კარდაკარის პრინციპით“?, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ მოღალატეების რაიმე მობილიზაცია ხდებოდეს საქართველოში. ეს არის ხალხი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს, მიდის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. შეუძლებელია, ქვეყანაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასეთი მობილიზებით გააცილა პატრიარქი, მობილიზება ვნახოთ ქვეყნის მოღალატეების გარშემო“.