პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რამდენიმე ქვეყანასთან ურთიერთობებში გარკვეული მიმართულებები „განბლოკილია“.
ამის შესახებ მან ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინულ მედიას განუცხადა.
სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ასევე პირველად შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორი ნაბიჯია“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მისი ვიზიტი სომხეთში პირველი ასეთი დონის ვიზიტია ბოლო 24 წლის განმავლობაში, რაც მის შეფასებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.
ერევანში მან ასევე გამართა შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა მთავრობის დონის კონსულტაციების ფორმატში გაიმართება.
„ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, ეს ბრატისლავაში იქნება თუ კიევში. ყველა მინისტრი იქნება ჩართული, ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკვე კონკრეტულ თანამშრომლობაზეა საუბარი. ესეც კარგი სიგნალია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.