საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის ახალგორის რაიონის ქართველებს საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე საზღვრის გადაკვეთაში. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის მთავრობის გადაწვეტილებით დადგენილი იქნა პუნქტები, რომელთა გავლითაც საზღვრის გადაკვეთა გამარტივებული რეჟიმით შეიძლება. მხოლოდ ახალგორის რაიონში არის 56 სოფელი, რომელთა მაცხოვრებლებსაც საქართველოში გადასვლა გამარტივებული რეჟიმით შეუძლიათ. ეს ეხება ასევე ჯავის რაიონში მდებარე სამო სოფლის მაცხოვრებლებს და ცხინვალის რაიონში მდებარე ერთი სოფლის მაცხოვრებლებს", _ განაცხადა ჩოჩიევმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ამ გადაწყვეტილებას მისალმებოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარზე განცხადებებს კიდებენ, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლავდეს დოკუმენტთა მთელი ნუსხა.
"ანუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვრის გადაკვეთას ართულებენ", _ აცხადებს ჩოჩიევი.