სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი Kჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისათვის მზადაა. განცხადებას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, სეპარატისტები აღნიშნავენ, რომ ოსურმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკეთა მორიგი რაუნდისათვის მზადყოფნა ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის დროს დააფიქსირა.
მათივე ინფორმაციით, სეპარატისტებმა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ჩამოაყალიბეს ის საკითხები, რომელთა დაყენებასა და განხილვას ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აპირებენ. საკითხთა შორისაა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, უგზო-უკვლოდ დაკარგული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეებისა და ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 1 მარტს გაიმართება.