ბრიტანეთის სამხედრო მეზღვაურებმა სომალელ მეკობრეთა საბაზისო გემი აბორდაჟით (ხომალდების შეპყრობის ერთ-ერთი უძველესი ხერხი) აიღეს და ხუთი დატყვევებული, იემენელი მეთევზე გაათავისუფლეს. მეთევზეები ტყვედ სამი თვის მანძილზე იმყოფებოდნენ.
ოპერაცია ინდოეთის ოკეანის საერთაშორისო წყლებში განხორციელდა.
გემ "კორნუოლზე" მყოფმა ბრიტანელმა სამხედრო მეზღვაურებმა სამხრეთკორეული გემის მეზღვაურებისგან დახმარების სიგნალი მიიღეს. საქმე ისაა, რომ კორეელებმა ზღვაში საეჭვო გემი შენიშნეს, რომელიც მეკობრეების საკუთრებად მიიჩნიეს.
ბრიტანული "კორნუოლი" მათ დასახმარებლად გაეშურა. ვერტმფრენის დახმარებით სპეცნაზმა საეჭვო გემი აიღო და მის ბორტზე აღმოჩნდა. მეკობრეებს შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მეკობრეების ბორტზე დატყვევებული იემენელი მეთევზეები აღმოჩნდნენ.
ამ ოპერაციის შედეგად ბრიტანელებმა 17 სომალელი მეკობრე დატყვევეს, თუმცა ისინი არ დაუპატიმრებიათ. უბრალოდ, მათი იარაღი_ავტომატები და ყუმბართმტყორცნი გაანადგურეს. მათ შორის, გაანადგურეს სამი კატერიც, რითაც მეკობრეები თავს ესხმოდნენ გემებს. მოგვიანებით სამხედრო მეზღვაურებმა მეკობრეები სომალის სანაპიროზე გაუშვეს.