17 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ვატიკანს, სადაც რომის პაპ ბენედიქტ მე-16-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს ტარჩიზიო ბერტონეს შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოდკო იტყობინება.
"მას შემდეგ, რაც 2009 წელს ორ ქვეყანას შორის სრულფორმატიანი დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, ეს ისტორიაში რუსეთის მეთაურის პირველი ვიზიტი იქნება ვატიკანში", _ აღნიშნა პრიხოდკომ.
მისი თქმით, შეხვედრისას რუსეთსა და ვატიკანს შორის საგარეო პრობლემატიკის საკითხები განიხილება. მხარეები ევროპის უსაფრთხოების საკითხებზედაც ისაუბრებენ და საერთაშორისო ორგანიზაციების _ გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს ჩარჩოებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
მედვედევი და ბენედიქტ მე-16 კონფესიური დიალოგის თემატიკასაც განიხილავენ.
ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელთა შეხვედრა კულტურის სფეროსაც მოიცავს. კერძოდ, წელს მოსკოვში საექსპოზიციოდ უნდა გაიგზავნოს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მიქელანჯელო კარავაჯოს ტილო "დასაფლავება", რომელიც ამჟამად ვატიკანის კოლექციაში ინახება. ასევე, მოსკოვში მოეწყობა ფაბერჟეს გამოფენის ჩვენება.