საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურაც.
სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
„კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა. რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! - სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.