საქართველო რუსეთის ომიდან ერთი წლის თავზე მსოფლიო მედიაში ომის გამომწვევი მიზეზებისა და მსოფლიო თანამეგრობრობის რეაქციასთან დაკავშირებით არაერთი მასალა გამოქვეყნდა. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ვლადისლავ სტაშიაკი გაზეთი "სუპერ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში არმიწვევა შეცდომა იყო. ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის რომ მიენიჭებინათ MAP, არავინ იცის, საერთოდ იქნებოდა, თუ არა ომი. საქართველოს მისწრაფებებზე უარის თქმით, ალიანსმა აჩვენა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კავკასიაში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში. ამ პოზიციით ისარგებლეს მათ, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ რეგიონის საქმეებში ჩარევით.
კითხვა: გავიდა ერთი წელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ამ ომის დროს პოლონეთმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს.
სტაშიაკი: დღეს რამდენიმე ფაქტი უნდა გავიხსენოთ და მნიშვნელოვანი კითხვებიც დავსვათ. პირველ რიგში, რისთვის გვჭირდება ჩვენ და მთელს მსოფლიოს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო? ეს ფასეულობების საკითხია. გვერდზე გადგომა და ამ ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლაზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია. ამასთან, პრაქტიკული თვალსაზრისით, თავისუფალი საქართველო ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს.
კითხვა: იდეა გასაგებია: "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის", მაგრამ ეს რეგიონი ჩვენგან შორის არის.
სტაშიაკი: საქართველოს გარეშე არ იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოება. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე რუსეთის მიერ კონტროლის დაწესება, შეფერხებები ენერგორესურსების მიწოდებაში, გამოიწვევს მსოფლიო ბაზრებზე ფასების მკვეთრ ზრდას. ასე, რომ საუბარია არა ვირტუალურ, არამედ, რეალურ უსაფრხოებაზე.
კითხვა: ერთი წლის წინ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ორგანიზება გაუკეთა ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და უკრაინის ლიდერების თბილისში ჩასვლას. ღირდა კი, ამ პროცესების სათავეში ყოფნა?
სტაშიაკი: საჭირო იყო გაბედული ხმა ფასეულობების დასაცავად. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ ევროპა გამოაფხიზლა. ინიციატივას მიესალმა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. დაუშვებელია თავისუფალი ქვეყნებისთვის საკუთარი კონცეფციების ძალით თავზე მოხვევა. ეს პრინციპი ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას.
კითხვა: თუმცა, ევროპას უჭირს ერთიანი პოზიციის შემუშავება კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
სტაშიაკი: შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართებით მართლაც მცირე წინსვლაა. გვაქვს ევროპული პროექტი - "აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა", კარგია, რომ ეს ინიციატივა არსებობს, მაგრამ იგი გამოყენებული უნდა იყოს საქართველოსთან სერიოზული ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად. ევროპამ, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები უნდა დაამყაროს საქართველოსთან. ამ რეგიონთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. ისეთი პროექტები, როგორიცაა, ოდესა-ბროდი-გდანსკის ნავთობსადენი და ნაბუქოს პროექტი ყველა საშუალებით უნდა იყოს მხარდაჭერილი.
კითხვა: საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, ვერ უახლოვდება ნატო-ს წევრობას. ჰქონდა ამას გავლენა ერთი წლის წინანდელ მოვლენებზე?
სტაშიაკი: საქართველოსა და უკრაინის ალიანსში არმიწვევა შეცდომა იყო. ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის რომ მიენიჭებინათ MAP, არავინ იცის, საერთოდ იქნებოდა, თუ არა ომი. საქართველოს მისწრაფებებზე უარის თქმით, ალიანსმა აჩვენა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კავკასიაში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში. ამ პოზიციით ისარგებლეს მათ, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ რეგიონის საქმეებში ჩარევით. ამ ძალებმა დრო შეიარაღებული თავდასხმის მოსამზადებლად გამოიყენეს.
კითხვა: კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთვის?
სტაშიაკი: ეხლა მთავარია ევროკავშირის ერთიანი პოზიციის შემუშავება, არა მხოლოდ უკვე მომხდარი მოვლენების მიმართ, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ რეგიონში პრობლემები მოიხსნას.
კითხვა: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ გადაარჩინა საქართველო?
სტაშიაკი: ვფიქრობ, რომ ასეა. გადაარჩინა იმ თვალსაზრისით, რომ მუდამ ამახვილებდა მსოფლიოს ყურადღებას საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებზე. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია არ განმეორდეს? საჭიროა დაძაბული მუშაობა, რომ საქართველო მჭიდროდ დავუკავშიროთ ევროპას, კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მეშვეობით, როგორიცაა, ოდესა-ბროდი-გდანსკის ნავთობსადენი. ეს უცებ არ მოხდება, ამიტომაც, დრო არ უნდა დავკარგოთ.