ბელორუსის პარლამენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს სესიაზე არ განიხილავს. განცხადება ამის შესახებ ბელორუსის პარლამენტის ქვედა წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, ბელორუსის კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაშია", _ განაცხადა კარპენკომ და დასძინა, რომ ამიტომაც ამ საკითხის განხილვა პარლამენტს არ შეუძლია.
ადრე ბელორუსის პარლამენტში აცხადებდნენ, რომ შესაძლოა რომელიმე სესიაზე აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების საკითხი გაიტანონ განსახილველად. კარპენკომ აღნიშნა, რომ კომისია აღნიშნული საკითხის განხილვითაა დაკავებული.
"კომისიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით", _ განაცხადა კარპენკომ.
მან აღნიშნა ისიც, რომ ადრე ბელორუსის საპარლამენტო დელეგაციამ საქართველო და ეს ორი რეგიონი იქ არსებული სიტუაციის შესასწავლად მოინახულა.
"ამჟამად გვაქვს კონტაქტები დაინტერესებული სახელმწიფოების პარლამენტარებთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან", _ განაცხადა პარლამენტარმა.