საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, დაცულ ტერიტორიებს 7%-მდე უკავია. ამის შესახებ პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან შეხვედრის დროს "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.
"საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, დაცული ტერიტორია არის 7%-მდე, რაც ძალიან ცოტაა. საშუალოდ ევროპულ ქვეყნებს, სადაც დასაცავი არაფერი აქვთ, დაცული ტერიტორიები 18%-მდეა", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილია და ორი მათგანი საქართველოს ტერიტორიაზეა, რაც უნიკალური შემთხვევაა. ეს არის კავკასიისა და ირან-ანატოლიის ცხელი წერტილები.