ცხინვალში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულთან პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევთან შეხვედრისას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელმა აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები მოლაპარაკების აღნიშნულ ფორმატს ეფექტურად მიიჩნევენ, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ყველა მონაწილეს აქვს საშუალება შეხვდნენ და აქტუალური საკითხები განიხილონ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარკვეული მნიშვნელობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოლოდინს ვერ ამართლებენ.
"ამ განცხადებამ იურიდიული გაფორმება ჰპოვა, გაეროს წერილის სახით, რაც გახდება განხილვის საგანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე", _ განაცხადა პიერ მორელმა და კიდევ ერთხელ მიესალმა სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლებას.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები