ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულთან პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევთან შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და ადამიანის უფლებების ე.წ. დამცველი დავიდ სანაკოევი.
თანათავმჯდომარეთა დელეგაციაში შედიან თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან - პიერ მორელი, ეუთოს მხრიდან - გიედრიუს ჩეკუოლისი და გაეროს მხრიდან - ანტი ტურუნენი.
ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისშივე ბორის ჩოჩიევმა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს განუცხადა, რომ ოსი სეპარატისტები კვლავინდებურად შეშფოთებულნი არიან 2008 წელს დაკარგული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეების" ბედით, რომლებიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციისათვის კვლავინდებურად მთავარ განსახილველ საკითხად საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება რჩება.
"ამ საკითხში უკვე მესამე წელია არავითარი წინსვლა არ არის", _ აღნიშნა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიცემულ ზეპირ პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
"შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ ნათქვამ ფრაზას საქართველოს ტელევიზიით - ომი დასრულებული არ არის და ახალ წელს სოხუმში შევხვდებით", _ განაცხადა ჩოჩიევმა. მისივე თქმით, ზემოთხსენებული საკითხების გარდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევაში ასევე დააყენებს ახალგორის რაიონის მოსახლეობის გაზით მომარაგების საკითხსაც, რომლებიც უკვე "მესამე ზამთარია გაზის გარეშე ცხოვრობენ, რომელიც 2008 წლამდე რუსეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტით მიდიოდა", _ განაცხადა ჩოჩიევმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი მე-16 რაუნდი მიმდინარე წლის 1 მარტს გაიმართება.