ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი დღეს ცხინვალში ჩასულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს პიერ მორელი (ევროკავშირი), გიედრიუს ჩეკუოლისს (ეუთო) და ანტი ტურუნენი (გაერო) არ შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკეთა თანათავმჯდომარეების შეხვედრა ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან ჯერ კიდევ მათი ცხინვალში ჩამოსვლამდე იყო დაგეგმილი. თუმცა მიუხედავად ამისა, თანათავმჯდომარეებს, ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა, რომ "პრეზიდენტი" მათ ვერ შეხვდებოდა.
ჩოჩიევმა ედუარდ კოკოითის სახელით სტუმრებს ბოდიში მოუხადა და კოკოითის უარის მიზეზად თანათავმჯდომარეებს "ტექნიკური მიზეზები" დაასახელა.