იემენში, ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის შეტაკება მოხდა.
შეტაკების შედეგად დაშავებულია სულ მცირე 4 ადამიანი. პრეზიდენტის მხარდამჭერებმა 2 ჟურნალისტიც ცემეს. შეტაკებები დედაქალაქ სანას უნივერსიტეტთან ახლოს მოხდა.
დემონსტრანტები ალ-საბიინეს მოედნისკენ მიემართებოდნენ, როდესაც პრეზიდენტ ალი აბდულა სალის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ხელკეტებით, დანებითა და ქვებით შეიარაღებულები. ალ საბიინეს მოედანი პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს მდებარეობს.
შეტაკების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიცია მივიდა, რომლებმაც გამაფრთხილებელი გასროლით სცადეს არეულობის დაშლა.
როგორც უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან, იემენელები შთაგონებულები არიან ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციებით და ცდილობენ რომ რევოლუცია იემენშიც მოხდეს, ამიტომ აქციები სანას ქუჩებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.