სერბეთმა, შესაძლოა, დაკარგოს დაახლოებით 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული დაფინანსება დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებისა და რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო. შესანამის გადაწყვეტილებას ევროკომიასიში უკვე განიხილავენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ევროკომისიაში შეშფოთებულები არიან ანტიდემოკრატიული პროცესებით სერბეთში და უკვე განიხილავენ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამებით იღებს.
ევროკომისიის გაფართოების საკითხების კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ კომისია სულ უფრო მეტად შეშფოთებულია სერბეთში მიმდინარე პროცესებით - მათ შორის კანონებით, რომლებიც, მისი თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ასუსტებს, ასევე საპროტესტო აქციებზე ზეწოლითა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევით.
მისივე თქმით, ევროკომისია ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა სერბეთი კვლავ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებით დაფინანსების მისაღებად.
კიდევ ერთ ფაქტორად სახელდება სერბეთის ხელისუფლების უარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, და ასევე ანტიევროპული განცხადებები ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
როგორც Politico წერს, სერბეთთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსების შესაძლო შემცირების საკითხი კიდევ უფრო აქტიურად განიხილება ბოლო თვეებში,.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 2025 წლის დეკემბერი, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი არ წავიდა ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტზე, მიზეზად კი დაასახელა სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ნელი პროგრესი.
თებერვალში ვუჩიჩმა ალბანელ კოლეგასთან ერთობლივ სტატიაში განაცხადა, რომ შესაძლოა სერბეთისთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური თანამშრომლობა, ვიდრე სრული წევრობა. ამაზე ევროკომისიის გაფართოების საკითხების კომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ერთიან ბაზარზე მონაწილეობისთვის და ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილებისთვის სერბეთს მაინც სჭირდება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება.
ოთხმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც გაფართოების საკითხებზე მუშაობენ, განაცხადა, რომ ბოლო კვირებში ევროკომისიაში გააქტიურდა დისკუსია სერბეთისთვის დაფინანსების შემცირებაზე.
ორი წყაროს მიხედვით, პროცესის დაჩქარებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ვენეციის კომისიის უარყოფითმა დასკვნამ საკამათო კანონპროექტებზე, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ეს დასკვნა აპრილის ბოლოს არის მოსალოდნელი.
ვენეციის კომისიის შესაძლო კრიტიკაზე სერბეთის ელჩმა ევროკავშირში და გაწევრიანების მთავარმა მომლაპარაკებელმა დანიელ აპოსტოლოვიჩმა განაცხადა, რომ „საქმე აქამდე არ მივა“ და ამტკიცებს, რომ ბელგრადი კვლავ ერთგულია ევროკავშირში სრულ წევრობაზე. მისი თქმით, სერბეთი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ევროკავშირი რჩება სერბეთის უმსხვილეს ფინანსურ მხარდამჭერად: 2021–2024 წლებში ბელგრადმა მიიღო 586 მილიონ ევროზე მეტი გრანტების სახით, რომლებიც დაბრუნებას არ საჭიროებს, ასევე დაახლოებით 1.5 მილიარდი ევროს ხელმისაწვდომი დაფინანსება გარკვეული პირობებით.