ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს. საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღებით უნდა აკონტროლოს ეს საქმე, ხმა აიმაღლოს და გადამწყვეტად იმოქმედოს“, - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო.
მათი განმარტებით, ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს-ს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.