უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს მოლაპარაკებების გზით უკრაინული ძალების გამოყვანას დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან, რადგან აცნობიერებს, რომ დონბასის სრულად ოკუპაციისთვის მას ძალიან დიდი რაოდენობის სამხედროების გაწირვა მოუწევდა.
„ვფიქრობ, პუტინს ესმის, რომ უკრაინის სრულად ოკუპაცია არ შეუძლია… მას ძალიან დიდი დანაკარგები აქვს და ბრძოლის ველზე საკმარისად კარგად მომზადებული სამხედროები აღარ ჰყავს. ის ცდილობს ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომელიც გამარჯვებას ჰგავს. სწორედ ამიტომ ცდილობს დიპლომატიური გზით აშშ-სთან დიალოგის საშუალებით ჩვენი ძალების განდევნას დონბასიდან,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, დონბასის სრულად ოკუპაციისთვის პუტინს 300 ათასიდან 1 მილიონამდე სამხედროს მსხვერპლად გაღება დასჭირვებოდა, იმის მიხედვით, რამდენ წელზე იქნებოდა გათვლილი ასეთი ოპერაცია.
„ეს ძალიან მაღალი ფასია პუტინისთვისაც კი,“ - თქცა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში იციან: თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაიყვანენ დონბასიდან, ეს უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილებას გამოიწვევს, რადგან ბევრი ადამიანი ამას ეწინააღმდეგება. ზელენსკის აზრით, ასეთმა ვითარებამ შეიძლება პუტინს მისცეს შესაძლებლობა, მოამზადოს ახალი შეტევა უკრაინის სწრაფი ოკუპაციის მიზნით.
„თუ უკრაინის ერთიანობა შეირყევა, ვლადიმირ პუტინი მოიფიქრებს ახალ „ბლიცკრიგს“, რათა ძალიან სწრაფად მოახდინოს უკრაინის ოკუპაცია. მაშინაც კი, თუ ეს არ მოხდება, ის გამოიყენებს ნებისმიერ შემდგომ პაუზას იმისთვის, რომ მეტი ადამიანი შეაგროვოს, მოამზადოს ისინი, გააძლიეროს სამხედრო-სამრეწველო ბაზა და მიაღწიოს სანქციების მოხსნას.
ამიტომ ცეცხლის შეწყვეტა ფორმატში - „ვდგავართ იქ, სადაც ახლა ვდგავართ“, მხოლოდ ჩვენი სურვილი არ არის; ეს ჩვენი პარტნიორების ინტერესებშიც შედის,“ - თქვა ზელენსკიმ.