Human Rights Watch-ი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტაციას ეხმიანება.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „უნდა არსებობდეს ანგარიშვალდებულება საქართველოს ხელისუფლებისთვის აზერბაიჯანთან სავარაუდო თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევების ორგანიზებას მისი უსაფრთხოებისთვის აშკარა რისკების მიუხედავად.
„ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ბრალდებები ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ხოლო კრიტიკოსები ხშირად დაპატიმრების, მოგზაურობის აკრძალვის და შევიწროების სხვა ფორმების წინაშე დგანან“, - ამბობს HRW.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ სადიგოვი დაადეპორტა ამ რისკების სათანადო შეფასების გარეშე, იმ პროცედურების ფონზე, რომლებიც სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს. “მათი ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს ორივე მთავრობის კეთილსინდისიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით”.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით შემაშფოთებელია აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით“.
Human Rights Watch-ის შეფასებით, სადიგოვის გაძევების გარემოებები აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად მოიქცა და აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან ერთად იმოქმედა, რათა თავი აერიდებინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისთვის. ამავე განცხადების მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობის დადგომა ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. ეს მოიცავს აბსოლუტურ აკრძალვას იმ ქვეყანაში დაბრუნებაზე, სადაც არსებობს დევნის, წამების ან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რისკი (არგაძევების - Non-refoulement პრინციპი), ასევე სათანადო სამართლებრივი პროცესის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და დროებითი ღონისძიებების დაცვის გარანტიებს. საქართველომ ასევე უნდა გამოიძიოს სადიგოვის დეპორტაციის გარემოებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებების სრული დაცვა.
„აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან იმ აშკარა თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევებას. ეს მოხდა მისი უსაფრთხოებისთვის არსებული მკაფიო რისკებისა და საერთაშორისო უფლებადაცვითი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე“, - აღნიშნა გოგიამ.