ხვალ, 17 თებერვალს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება და ქართული მხარე ოს სეპარატისტებთან დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხის განხილვას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"შეხვედრისას გაგრძელდება ერთმანეთისათვის დაკავებული მოქალაქეებს გადაცემის საკითხის განხილვა, რომელიც წინა შეხვედრაზე დაიწყო", _ განაცხადა მოლაპარაკებებზე ე.წ. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა.
ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, ოსი სეპარატისტები აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე დააყენებენ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა სოფელ ერგნეთში 4 თებერვალს გაიმართა.